Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პატარძეულის მოედანი’

20 მაისს აკადემიას ჰქონდა გასვლა პატარძეულში. პატარძეულს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს, ამ თამაშამდე პატარძეულს ქულა მეტოქისგან არ ჰქონდა მიღებული და საკმაოდ კარგი ქულების შეფარდება ჰქონდა 82:0. უდავოა, რომ აკადემიას 2 ქულის აღება გაუჭირდებოდა. კოტე აბდუშელიშვილმა პირველად ითამაშა და საკმაოდ კარგადაც. მზიანმა ამინდმა მოთამაშეებს ხელი შეუწყო. ორივე გუნდი მოედანზე მოსაგებად გავიდა. აკადემიამ თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო:

1. რამაზ მაზმიშვილი

2. ბადრი ალხაზაშვილი

3. გიორგი ოზბეთელაშვილი

4. კოტე აბდუშელიშვილი

5. გიორგი სოლოღაშვილი (ნიკა ადეიშვილი)

6. გიორგი გოგლიძე

7. აჩი რევაზიშვილი

8. ბაჩი კიკნაველიძე

9. დათო ქარქაშაძე

10. უჩა გურგენიძე

11. ივა ხელაია

12. ნიკა გამყრელიძე

13. გუკა თოფურიძე

14. დათო თავართქილაძე

15. ილია მელაძე

თამაში აკადემიამ დაიწყო. უჩამ არეკნი დაარტყა, ბურთი მოედანში ჩავარდა და აუტის ხაზს მიღმა გადავიდა. პატარძეულმა თავისი აუტი მოიგო, ბურთი ხაზზე გაშალა, მურაზამ, პატარძეულის საუკეთესო მოთამაშემ, ხაზი გაჭრა რამოდენიმე აკადემიელი მოატყუა და ლელო დადო. მანვე გაიტანა გარდასახვა. პირველივე წუთზე პატარძეული დაწინაურდა 7:0.

უჩამ ბურთს ფეხი დაარყა და ბურთი პირდაპირ აუტში გადავიდა. დაინიშნა შერკინება ცენტრში. რამოდენიმე ფაზის გაკეთების შემდეგ, პატარძეულელმა მორაგბემ ბურთი შეაცურა და მეორე წუთზე ანგარიში 12:0 გახდა. მურაზამ საკმაოდ ადვილი რეალიზაცია ვერ გაიტანა. ბევრს ეგონა, რომ აკადემია მორალურად გატყდა და პატარძეულის წაუგებელი სერია გაგრძელდებოდა.

აკადემიამ თამაშს მოუმატა. სტუმრები ხან ხაზით უტევდნენ, ხანაც შერკინებით. მეათე წუთისთვის პატარძეულმა კარის წინ ჯარიმა აიკიდა. კაპიტანმა კარებში დარტყმა არჩია. ილიამ დაარტყა და ჯარიმა გაიტანა. ანგარიში 12:3 გახდა.

აკადემია თამაშს უმატებდა, ბურთს ფაქტიურად  სულ სტუმრები ფლობდნენ. მეოცე წუთისთვის პატარძეულმა თავისი ოცდაორის შიგნით ჯარიმა აიკიდა. ახლა ილია მელაძემ ბურთი აუტში გადაიტანა. რამაზ მაზმიშვილმა ბურთი ზუსტად შემოაგდო და აკადემიამ მოლი შეკრა. აკადემიამ შერკინებით აშკარად დაჯაბნა მეტოქე და ლელო რამაზმა დადო. ილიამ კუთხიდან რეალიზაცია ვერ გაიტანა ანგარიში 12:8 გახდა.

აკადემია ისევ პატარძეულის 22–ში იყო და შეტევებს განაგრძობდა. უეცრად, პატარძეულმა ჩაიგდო ბურთი ხელში და ფეხიც დაარტყა, მაგრამ ნიკა გამყრელიძემ დააფარა და ისევ აკადემიამ დაიწყო შეტევები. მალევე ნიკამ დადო მეორე ლელო, რეალიზაცია ილიამ გაიტანა და ანგარიში 12:15 გახდა. მეორე ტაიმი ამავე ანგარიშით დამთავრდა.

მესამე ლელო გიორგი გოგლიძემ დადო. ილიამ ისევ გაიტანა რეალიზაცია და ანგარიში 12:22 გახდა.

პატარძეულმა რამოდენიმე შეტევა გააკეთა. ისინი აკადემიის 22–თან იყვნენ, როდესაც დათო ქარქაშაძემ ჯარიმა აიკიდა. პატარძეულის 9 ნომერმა ზუსტად შეასრულა ჯარიმა და ანგარიში 15:22 გახდა.

პატარძეული თავის 22–ში იყო და ბურთს ათამაშებდა, როდესაც უჩა გურგენიძემ ბრწყინვალედ ჩაჭრა პასი და ორ ძელს შუა დადო ლელო. ილიასაც არ გასჭირვებია რეალიზაციის გატანა, აკადემიის უპირატესობა გამოიკვეთა, სტუმრები 14 ქულას იგებდნენ, 15:29.

ბოლო წუთზე აკადემიას კიდევ ჰქონდა ლელოს დადების შანსი, მაგრამ რამაზ მაზმიშვილმა იჩქარა და ბურთი ხელიდან გაუვარდა. საბოოლო ჯამში თამაში საკმაოდ კარგი და სანახაობრივი გამოვიდა. მატჩის შემდეგ მოეწყო ე.წ. “მესამე ტაიმი”.

Read Full Post »

%d bloggers like this: